ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ შთამბეჭდავმა გამარჯვებამ „ინტერთან“ (5:0) არა მხოლოდ ტიტული მოიტანა კლუბისთვის, არამედ ეროვნული ღირსების განცდაც გააღვივა. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ამ თემაზე ემოციური კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ეს გამარჯვება პასუხია ყველა იმ კრიტიკაზე, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატს წლების განმავლობაში მოჰყვებოდა.
„არაჩვეულებრივი შედეგია — 5:0 ფინალში! ეს სიზმარივით არის. ყველგან ამბობენ, რომ საფრანგეთში მაღალი ხარისხი არ გვაქვს, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. ჩვენს ჩემპიონატს ძლიერი გუნდები და მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს,“ — აღნიშნა ხელაიფიმ.
მან ასევე ხაზი გაუსვა კლუბის განვითარების სტრატეგიას და აღნიშნა, რომ 14-წლიანი ძალისხმევა საბოლოოდ შედეგიანად დასრულდა.
„ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავდა. ვაშენებთ მომავალს, გვყავს საუკეთესო მწვრთნელი და სპორტული დირექტორი — ეს ყველაფერი დიდ კლუბს ქმნის,“ — დასძინა პსჟ-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ეს პარი სენ-ჟერმენის პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულია კლუბის ისტორიაში.