ფრანგული სპორტული გამოცემა L'Équipe-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბ „ლიონს“ FIFA-ს მიერ დაწესებული ერთი წლის სატრანსფერო შეზღუდვა მოუხსნეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც კლუბმა გადაუხდელი ვალი სრულად დაფარა.
კერძოდ, საქმე ეხება 2,238 ევროს ოდენობის თანხას, რომელიც „ოლიმპიკს“ 2023 წლის იანვარში ამინ სარის ტრანსფერთან დაკავშირებით ჰქონდა გადასახდელი. თავდამსხმელი „ლიონმა“ ნიდერლანდური კლუბ „ჰერენვენიდან“ შეიძინა და მასთან დაკავშირებული მცირე ოდენობის კომპენსაცია დროულად არ გადაუხადა, რაც FIFA-ს მხრიდან სანქციით დასრულდა.
ნიდერლანდურმა კლუბმა დაადასტურა, რომ ფინანსური საკითხები სრულად მოგვარდა და ყველა ვალდებულება შესრულდა. ამის შემდეგ, FIFA-მ ოფიციალურად გაუუქმა ფრანგულ კლუბს სატრანსფერო აკრძალვა.
აღსანიშნავია, რომ „ლიონმა“ დასრულებულ სეზონში ლიგა 1-ში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს კლუბი ევროპის ლიგაზე იასპარეზებს და სატრანსფერო შეზღუდვის მოხსნა მათ გაძლიერების საშუალებასაც მისცემს.