ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი 21-წლამდე ნაკრებებს შორის დღეს იწყება, სადაც საქართველოს პირველი მეტოქე პოლონეთი იქნება.
შემადგენლობის თვალსაზრისით, პოლონელებს მქუხარე სახელები ნამდვილად არ ჰყავთ. მეტიც, ტოპ ლიგებიდან მათ გუნდში არცერთი ფეხბურთელი არ არის. უმეტესად პოლონელთა შემადგენლობა შიდა ჩემპიონატიდან არის შევსებული, ლეგიონერები კი ყველაზე ბევრი თურქეთის ლიგის არაწამყვანი კლუბებიდან ჰყავთ.
პოლონეთის 21-წლამდე გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში სულ 8-ჯერ გავიდა და საუკეთესო შედეგი 1/4-ფინალი დააფიქსირა. ბოლოს პოლონელები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 2019 წელს მოხვდნენ, სადაც მათ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხეს.
ბოლო მატჩებში პოლონელები თითქმის ყველანაირ შედეგს აფიქსირებენ. მათ გუნდს უკანასკნელ 5 შეხვედრაში 2 ფრე, 2 მოგება და 1 წაგება აქვს და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ხალისიანადაც თამაშობენ. რად ღირს მხოლოდ იმის თქმა, რომ ბოლო ხუთ მატჩში პოლონეთის თამაშებში საშუალოდ 5 გოლამდე გადის.
მეტოქე გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა 23 წლის ფილიპ შიმჩაკია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ის 51 წლის ადამ მაიევსკი გახლავთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ პოლონეთის საშუალო და რანგით დაბალ კლუბებში აქვს ნამუშევარი, 21-წლამდე ნაკრები კი მისთვის ახალ და დიდ გამოწვევად უნდა შევაფასოთ.