ნაპოლი ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. კლუბმა უკვე დაასრულა ლუკა მარიანუჩის და კევინ დე ბრუინის შემოტანა, მაგრამ "პარტენოპეის" გეგმები ამით არ მთავრდება. ბოლო დროს მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს გუნდი იუნუს მუსას გადმობირებაზე აქტიურად მუშაობს.
22-წლის ამერიკელი ნახევარმცველი, რომელიც ამჟამად მილანში თამაშობს, ნაპოლის სამიზნეთა სიაშია. ცნობილია, რომ კლუბი მისი ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. კონტეს სურს გუნდის ცენტრალური ხაზი ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელებით გააძლიეროს, ამიტომ მუსას დამატება მისთვის პრიორიტეტულია.
საქმეს ისიც უწყობს ხელს, რომ თავად მუსას სურს მილანის დატოვება და ნაპოლიში ახალი გამოწვევებისთვის მზადაა. ეს გუნდისთვის მოლაპარაკებების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
მილანი მუსას €25-30 მილიონად აფასებს. ნაპოლი კი უახლოეს დღეებში პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. თუ გარიგება განხორციელდება, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნაპოლის ახალ სტრატეგიაში, რომელიც აერთიანებს გამოცდილ ვარსკვლავებსა და ახალ ტალანტებს.