სერია A-ის რეგულაციების თანახმად, ფეხბურთელისთვის იტალიის ჩემპიონობის ოფიციალურად აღიარება და შესაბამისი მედლის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის სეზონის დასრულების მომენტში კვლავ ჩემპიონი გუნდის განაცხადში იმყოფება. შესაბამისად, მოთამაშეები, რომლებმაც სეზონის განმავლობაში გუნდი დატოვეს, მიუხედავად მათი წვლილისა სეზონის პირველ ნაწილში, იტალიის ჩემპიონებად არ ითვლებიან.
ამ პრინციპით, თუ მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" ჩემპიონად გამოცხადდება, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონობის მედალს ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ მან წინა სეზონში კლუბთან ერთად სერია A მოიგო და მიმდინარე სეზონის გარკვეულ ეტაპზეც ითამაშა, მისი ტრანსფერი პსჟ-ში იმ გადაწყვეტილებას ნიშნავს, რომ ის რეგულაციების მიხედვით ჩემპიონთა სიაში არ მოხვდება.
იგივე წესი ვრცელდება სხვა მოთამაშეებზე, რომლებიც სეზონის შუაში სხვა კლუბებში გადავიდნენ. მაგალითად, "ნაპოლიდან" იჯარით გაგზავნილი მაიკლ ფოლორუნშო („ფიორენტინა“), ალესიო ძერბინი („ვენეცია“) და ელია კაპრილე („კალიარი“) ვერ მიიღებენ მედლებს, თუკი „ნაპოლი“ ჩემპიონი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ეს წესი ყველა კლუბზე თანაბრად ვრცელდება. მაგალითად, თუ სეზონის ბოლოს ჩემპიონი „ინტერი“ იქნება, ჩემპიონობის სტატუსს ვერ მიიღებენ ტეჯონ ბიუქენენი, იონუც რადუ და ტომას პალასიოსი – ისინი სეზონის პირველ ნაწილში თამაშობდნენ "ინტერში", თუმცა იანვარში კლუბი დატოვეს.
ამ რეგულაციებს ეყრდნობა ერთ-ერთი ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Cronache di Spogliatoio, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიგა სერია A-ში ტიტულის მინიჭება მხოლოდ სეზონის დასრულების დროინდელ აქტიურ შემადგენლობას ეხება.