სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში განახლებული მოედანი გაიხსნა. მოედანს რეაბილიტაცია ფიფას პროექტის, "ფიფა არენას“ ფარგლებში ჩაუტარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ფიფას წევრი ასოციაციების ხელმძღვანელი ელხან მამადოვი და პროექტის "ფეხბურთი სკოლებში" მენეჯერი ნიკო ნუვანასაკი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები.
სტუმრებს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ლევან კობიაშვილმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა და ელხან მამადოვმა. აგრეთვე, გავრცელდა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიდეომიმართვა.
განახლებულ მოედნებს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები და პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩართული გუნდები გამოიყენებენ. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც "ფიფა არენას" პროექტის ფარგლებში ახალი მინი-მოედანი გაიხსნა. მსგავსი მოედანი ასევე განახლდება სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში.
gff