„ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო მედიასთან საუბრისას შეეხო როგორც გუნდის მიმდინარე სეზონს, ასევე ქართველ ყოფილ თანაგუნდელს — ხვიჩა კვარაცხელიასაც.
როგორც დი ლორენცომ აღნიშნა, მას ხშირად უწევს ხვიჩას თამაშების ყურება და მისი წარმატება გულით ახარებს.
„არსენალთან პარი სენ-ჟერმენის მატჩს ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მაღალი დონის მოთამაშეა კვარაცხელია. მატჩის შემდეგ ერთმანეთს მოკლე შეტყობინებები გავუზიარეთ. ხვიჩას წარმატება გულწრფელად მიხარია და ვუსურვებ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგოს. მართლაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს — მეგობრული და გულწრფელი“, — ამბობს დი ლორენცო.
გარდა ამისა, იტალიელმა მცველმა გუნდის შიდა მიზნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად წარმატებული სეზონისა, საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ სერიოზული ბრძოლაა საჭირო.