18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს ინგლისთან მატჩით ვასრულებთ » სპორტის ხაზი

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს ინგლისთან მატჩით ვასრულებთ

18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს ინგლისთან მატჩით ვასრულებთ
7-04-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე დასკვნით მატჩს ხვალ, 7 აპრილს, ჩვენი დროით 17:30 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისი ერთადერთი გუნდია, რომელმაც 8-გუნდიანი ფესტივალის ფარგლებში ორივე შეხვედრა მოიგო. მან პირველ ტურში უელსი 36:35, მეორეში კი შოტლანდია 28:6 დაამარცხა.

თავის მხრივ საქართველო პირველ მატჩში შოტლანდიას დაუპირისპირდა და მას 8 ქულით ჩამორჩა (14:22), ხოლო სამი დღის წინ საფრანგეთი ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 20:19 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სავალდებულო როტაციის პრინციპით უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა – 4 ხაზში და 4 შერკინებაში.

შერკინებაში შეიცვალა სამივე პირველხაზელი და თამაშს არჩილ ნოზაძე, ანრი შველიძე და გიორგი ტურაშვილი იწყებენ, მესამე ხაზში დაბრუნდა ლუკა გაბუნია. საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლა თორნიკე ტორაძემ. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს მეორეხაზელმა ნიკოლოზ ჩხორთოლიამ და მესამეხაზელებმა – ლუკა საღინაძემ და გიორგი არძენაძემ.

ხაზში ძირითადში დაბრუნდნენ მგეზავი გიგი სირბილაძე, ცენტრები დავით ბარბაქაძე და დათა ახვლედიანი და ფულბეკი ნიკოლოზ ხალვაში. ადგილი შეინარჩუნეს გიგა ყიფშიძემ, რომელიც ფრთაზე გადაინაცვლებს, მეორე ფრთა ლეონიდე სალდაძემ და ჰავბეკმა დავით წიკლაურმა.

ფესტივალის ფარგლებში სასტარტოთა შორის მესამე თამაშს სამი მორაგბე იწყებს. ესენი არიან გუნდის კაპიტანი ლუკა საღინაძე, მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია და ხაზის მოთამაშე გიგა ყიფშიძე.

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.