დიდი სამეულიდან მხოლოდ კვარამ იცოცხლა - სად არიან ახლა სპალეტი და ოსიმენი? » სპორტის ხაზი

დიდი სამეულიდან მხოლოდ კვარამ იცოცხლა - სად არიან ახლა სპალეტი და ოსიმენი?

დიდი სამეულიდან მხოლოდ კვარამ იცოცხლა - სად არიან ახლა სპალეტი და ოსიმენი?
9-06-2025, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ მთავარი მწვრთნელის ან სკუდეტოს ორი მთავარი შემოქმედის, ხვიჩას და ოსიმენის გზები წარუმატებლად განვითარდებოდა..

გავიდა წლები და ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ ევროპის ჩემპიონატი ითამაშა, შემდეგ კი ახალ კლუბთან ერთად სანუკვარი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აი სპალეტისა და ვიქტორ ოსიმენის გზები კი საკმაოდ ნაღვლიანი გამოდგა.

ნაპოლიდან წასული სპალეტი პირველად გადაერთო სანაკრებო სამწვრთნელო საქმიანობაში და იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა, საიდანაც ლუჩანოს დღე დღეზე გაგდებას უპირებენ. მისი გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან 0:3 განადგურდა, რის გამოც სპალეტის სანაკრებო თავგადასავალმა უკუთვლა დაიწყო. ბევრი ამბობდა, რომ ლუჩანო ნაპოლიში უნდა დარჩენილიყო და თავისივე აშენებული გუნდი კიდევ უფრო განევითარებინა, თუმცა სპალეტიმ სხვა გზა აირჩია და ეს გზა ახლა ჩამოშლის პირასაა.

თავის მხრივ, კიდევ უფრო სევდიანი ისტორია აქვს ვიქტორ ოსიმენს, რომელმაც 2022/2023 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამაოგნებელი დუეტი შექმნა, რომელმაც იტალიური ფეხბურთი დიდი შტორმით წალეკა. სამწუხაროდ, ოსიმენს ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა და იჯარით თურქეთში წავიდა სათამაშოდ, საიდანაც ვიქტორი ირწმუნებოდა, რომ ნაპოლიში აღარასდროს დაბრუნდებოდა, ახლა კი ნიგერიელი თავდამსხმელი საერთოდაც საუდის არაბეთთანაა ერთ ნაბიჯში. სკუდეტოს მოგების წელს ვიქტორს მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს უკავშირებდნენ, დღეს კი ალ ჰილალმა და მათმა გრანდიოზულმა წინადადებამ შესაძლოა ოსიმენს ბარგი ჩაალაგებინოს და ევროპა დიდი ხნით დაატოვებინოს, რაც 26 წლის ფეხბურთელისთვის აშკარად უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა შევაფასოთ..

რთული სათქმელია თუ რამდენად უნდა ვეძიოთ გენიალურობას პიროვნების თანმიმდევრულობაში, თუმცა ფაქტია, რომ იმ ეპოქალური ნაპოლის შემდეგ მწვერვალისკენ სვლა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ გააგრძელა, რომელსაც რამდენიმე თვეში ოქროს ბურთის ნომინანტებშიც კი ელიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი