კრიშტიანო რონალდოს, ამჟამად "ალ ნასრის" ლიდერს, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერის დასრულება მშობლიურ კლუბში, ლისაბონის "სპორტინგში" მოუნდეს — ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.
პორტუგალიელ ვარსკვლავს "სპორტინგში" დაბრუნების იდეა სერიოზულად იზიდავს. მას კლუბი იდეალურ ადგილად მიაჩნია კარიერის ლოგიკური დასასრულისთვის და მზად არის ხელფასის შემცირებაზეც კი წავიდეს, თუ ეს ტრანსფერს ხელს შეუწყობს.
მოლაპარაკებების პერსპექტივას ზრდის ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს რონალდოს კონტრაქტი "ალ ნასრთან" იწურება, რაც "სპორტინგს" მის თავისუფალ აგენტად დამატების შესაძლებლობას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "სპორტინგის" რიგებს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დაემატება, რომელიც "ლევანტედან" გადავა ლისაბონურ გუნდში.
კრიშტიანო რონალდო "სპორტინგის" აკადემიაში ჯერ კიდევ 1997 წელს ჩაირიცხა და 2003 წელს კლუბი ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დატოვა. მისმა კარიერამ მას შემდეგ არაერთი ტიტული და რეკორდი მოუტანა.
ასე და ამგვარად, შესაძლოა პორტუგალიურ კლუბში ქოჩორაშვილთან ერთად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდოც ვიხილოთ.