მსოფლიო რაგბმა ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ირლანდიელი და ბრიტანელი ლომების ავსტრალიური ტურნეს დასკვნით მატჩზე მთავარ მსაჯად დანიშნა!
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო რაგბის ამ უდიდესი მოვლენის ნაწილი ქართველი იქნება. ნიკა 2 აგვისტოს სიდნეიში, ავსტრალიისა და ლომების სერიის დასკვნით ტესტს განსჯის.
„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე თავისი კულტურით და ფასეულობების გასხივოსნებით სრული სარაგბო ჭეშმარიტებაა. ეს იმდენად მასშტაბური მოვლენაა, რომ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 4 ისეთი ერი, რომლებსაც განხეთქილების დიდი ისტორია აქვს და ექვს ერზე ერთმანეთს არ ზოგავს, ერთ გუნდად ერთიანდება და სამხრეთ ნახევარსფეროში ტიტანებთან საბრძოლველად მიემართება. საბოლოო ჯამში ვიღებთ ვარსკვლავებით გადაჭედილ გუნდს და მოვლენას, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია“.
„წნეხით და სირთულით, ასევე პრესტიჟით, „ლომების“ ტესტის მსაჯობა მსოფლიო თასის ნახევარფინალს უტოლდება. გულშემატკივრები უკვე ირაზმებიან ამ უდიდესი დაპირისპირების ეპიცენტრში მოსახვედრად - იტაცებენ მატჩისა თუ თვითმფრინავის ბილეთებს, რათა გახდნენ ამ დაპირისპირებების ნაწილი“ - აღნიშნავს ამაშუკელი.
20 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ჯამში 38 თამაში გაიმართება, რომელთაგან 27 ტესტ-მატჩი იქნება და მათ ჯამში 11 ქვეყნის 24 მსაჯი მოემსახურება.
პირველ თამაშში, 20 ივნისს, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები არგენტინას დუბლინში ეთამაშებიან და ამაშუკელი პირველი ასისტენტი იქნება, რის შემდეგაც ლომები და ნიკა გეზს სამხრეთისკენ აიღებენ. ქართველი რეფერი 5 ივლისს მაორი ოლ ბლექსისა და შოტლანდიის თამაშს განსჯის; 9, 12 და 19 ივლისს ის ლომების სამ შეხვედრაში (19 ივლისს ავსტრალიასთან) ასისტენტად მოგვევლინება; 22 ივლისს ნიკა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომებისა და წყნარი ოკეანის ნაკრების თამაშს განსჯის, 26 ივლისს კი ავსტრალიისა და ლომების მეორე ტესტ-მატჩში კვლავ ასისტენტი იქნება. ზაფხულის ტესტები 2 აგვისტოს ავსტრალიისა და ლომების გადამწყვეტი, მესამე რკენით იხურება და აქ უკვე ამაშუკელი მოედნის მსაჯი იქნება!
RUGBY.GE