პირველი ლიგა - "წიქარა" მოწინავე სამეულში დარჩა | ქართული რაგბი » სპორტის ხაზი

პირველი ლიგა - "წიქარა" მოწინავე სამეულში დარჩა | ქართული რაგბი

პირველი ლიგა - "წიქარა" მოწინავე სამეულში დარჩა | ქართული რაგბი
27-04-2025, 21:24
Aa Aa
გაზიარება:

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური მესამე ადგილოსანსა და დარჩენაზე მებრძოლი გუნდის ვინაობას არკვევდა.

მე-18 ტურს, ‘დინოზავრი’-‘გორის’ გადადებული შეხვედრა უსწრებდა. მესამე ადგილის დაკავების შანსის შესანარჩუნებლად იმერლებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ, შიდა ქართლელები კი ჯგუფური ეტაპის ჩამთავრებას ყველა მოგებით ლამობდნენ. მე-3 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, იმერლები მესამედფინალსა და გასავარდ ფინალში მოედნის უპირატესობით სარგებლობის უფლებას ჰპოვებდნენ.

„აია არენაზე“, ფიჯელი ფრთა ჯაბულანი მკულვანის გარდაუსახავი ლელოთი ‘გორი’ დაწინაურდა, რის შემდგომ სრულ უპირატესობას ‘დინოზავრი’ ფლობდა. მარბიელ ბადრი დანგაძისა და კვაჭ გიორგი თედორაძის გარდაუსახავი ლელოებით ზაზა ჩირგაძის ბიჭები შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში კი დანგაძემ „დუბლი“ გაიფორმა, რასაც მხტომელ ბებუნი კუხიანიძის, ფულბეკ მიშო ჟორჟოლიანისა და ფიჯელი შუამარბის ემოსი ნდაუმბიტუს ლელოები მოჰყვა. ‘დინოზავრმა’ მთლიანობაში მეტოქეზე 4-ით მეტი, 6 ლელო გაიტანა და მატჩი პრემიალური ქულით მოიგო - 32:12. წყალტუბოელებმა ლიდერს სეზონში პირველი მარცხი აგემეს და ცხრილში მესამე პოზიციაზე მყოფ ‘წიქარასთან’ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს.

‘წიქარა’-დინოზავრის’ დასკვნითი ტურის გამორჩეული შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა. პირველ წრეში იმერლებს ქუთაისში მეტოქე 5 ქულის სხვაობით ყავდათ დამარცხებული და ნებისმიერი სხვაობით მოგების შემთხვევაში რეგულარულ სეზონს სასურველ, მე-3 პოზიციაზე ასრულებდნენ.

შეხვედრა უაღრესად დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. მხტომელ ბებუნი კუხიანიძის გარდასახული ლელოთი ‘დინოზავრი’ დაწინაურდა, რის შემდგომ იმერლები მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იმყოფებოდნენ. მგეზავ გიორგი ასათიანის გატანილი წყვილი ჯარიმითა და ჰავბეკ გიორგი კურტანიძის დადებული ლელოთი, ‘წიქარამ’ პირველი ტაიმის შუაწელს უპირატესობა მოიპოვა და იმის მიუხედავად, რომ ბექა სხულუხიას შეგირდებმა მთლიანობაში მეტოქეზე 1-ით ნაკლები, 5 ლელო გაიტანეს, საწადელს მაინც მიაღწიეს.

მატჩის კულმინაციად დასკვნითი, 5-წუთიანი მონაკვეთი იქცა. ფიჯელი შუამარბის ემოსი ნდაუმბიტუს დადებული ლელოთი ‘დინოზავრმა’ ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა ‘წიქარამ’ კარში დასარტყამი ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც გიორგი ასათიანმა ზუსტად შეასრულა. ‘წიქარამ’ დრამატული შეხვედრა 45:40მოიგო და რეგულარული სეზონი სასურველ, მე-3 პოზიციაზე ჩაამთავრა.

‘არწივებმა’ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’ უშანსოდ დატოვეს - 43:5, რის გამოც ‘ფოთს’ პლეი აუტის ადგილის თავიდან ასაცილებლად „პარკი არენაზე“ ‘ლოკომოტივთან’ ხელს უცილობელი გამარჯვება აძლევდა. კოლხებმა აღმავლობით წარმართეს შეხვედრა და ქვეყნის 10-გზის ჩემპიონს ტაიმებში 2-2 გარდასახული ლელო დაუდეს.

ფოთელთა მხრიდან პირველ ტაიმში ლელო სამხრეთ აფრიკელებმა, ჰავბეკმა ვილიამ როუზმა და შუამარბმა სონვაბისო მქალომ გაიტანეს. მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა ფრთა ლევან ბარკავასა და დავით ბარბაქაძის დადებული ლელოებით გაიმყარეს. მარქაფადან ჩართული ბურჯის დავით ბარბაქაძის გატანილმა ლელომ კოლხებს მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა - 28:7.

‘ფოთმა’ პირველობა მე-8 ადგილზე დაასრულა და შესაბამისად ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ოზურგეთის ‘არწივები’ მე-9 ადგილს დაჯერდა და გურულებს ლიგაში დარჩენაზე რეგიონული ლიგის მე-2 ადგილოსანთან 2-მატჩა დაპირისპირება მოუწევთ. ბოლო ადგილოსან ‘აკადემია-ლაშარს’ კი მომავალ სეზონში რეგიონული ლიგის გამარჯვებული ჩაანაცვლებს.

პირველი ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლას მოწინავე ექვსეული ე.წ. „ავსტრალიური“ პლეი ოფის პრინციპით განაგრძობს. პლეი ოფი (ყველა ეტაპზე 1-მატჩა) 10-11 მაისს მესამედ ფინალებით დაიწყება, სადაც ‘წიქარა’ (3) -‘ლოკომოტივი’( 6) და ‘დინოზავრი’ (4)-‘რუსთავი’ (5) წყვილებში წარმატებული გუნდების გზა მომდევნო ეტაპზე გასავარდნ ფინალში გადაიკვეთება.

უკეთეს ნომრიანი ‘წიქარა’ და ‘დინოზავრი’ მესამედ ფინალში მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ. ხსენებულ წყვილებში წარმატებული გუნდები კი ერთმანეთს გასავარდნ ფინალში დაუპირისპირდებიან, სადაც მასპინძელი უკეთეს ნომრიანი გუნდი იქნება.

რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘გორი’ კი მშობლიურ ჭალის დასახლებაში, შესარჩევ ფინალში მე-2 ადგილზე გასულ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ 17-18 მაისს უმასპინძლებს. შესარჩევი ფინალის მომგები გუნდი ადგილს დიდ ფინალში დაიბევებს, ხელმოცარული გუნდი კი სატიტულო შეხვედრაში მონაწილეობის უფლების მოპოვებას, გასავარდნი ფინალის მომგებ კოლექტივთან საშინაო შეხვედრაში ეცდება.

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი