ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში "ჰაიდენჰაიმი" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს, თუმცა მოედანზე ბუდუ ზივზივაძეს ვერ ვიხილავთ.
როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა განმარტა, ქართველი თავდამსხმელი ტრავმისგან სრულად ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა და ამიტომაც "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
შმიდტმა დეტალურად ისაუბრა ორივე ტრავმირებული ფეხბურთელის მდგომარეობაზე და ზივზივაძის შესახებ აღნიშნა:
"პირველ რიგში, არც მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ ისინი ამ სეზონში საერთოდ ვერ დაგვეხმარებიან, და მეორეც, ვფიქრობ, ამის საფრთხე რეალურად არ არსებობს. თუმცა, მსურდა, რომ მათი რეაბილიტაცია უფრო სწრაფად წარიმართა.“
ამ დროისთვის ჰაიდენჰაიმი 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზე იმყოფება, რაც პლეი-აუტის ზონას ნიშნავს. ბავარიელებს ის 19 აპრილს, თბილისის დროით 17:30 საათზე უმასპინძლებს.