ბორჯღალოსნები | ღირსეული პასუხი პორტუგალიას – საქართველო 16-გზის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

ბორჯღალოსნები | ღირსეული პასუხი პორტუგალიას – საქართველო 16-გზის ჩემპიონია

ბორჯღალოსნები | ღირსეული პასუხი პორტუგალიას – საქართველო 16-გზის ჩემპიონია
18-03-2024, 19:06
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნებმა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტიტული მე-16-ედ მოიპოვა.

ეს იყო ღირსეული პასუხი ლობუშისთვის, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ტულუზში ფრედ, 18:18 გვეთამაშა. მას შემდეგ მთელი ქართული რაგბი ამ დაპირისპირების მოლოდინში იყო და 5 თვის თავზე რევანში შედგა!

საქართველომ მეტოქეს პასუხი საფრანგეთშივე გასცა. პარიზში, „სტად ჟან ბუინზე“ ის სრულად დომინირებდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ლელო არ გასულა, გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა. ბორჯღალოსნებმა პორტუგალიას მეორე ტაიმში 4 ლელო დაუდეს და ზედიზედ მეორედ დაამარცხეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

ჩვენმა გუნდმა ჩემპიონის თასი ზედიზედ მე-7-ედ შემართა, რითაც საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა (2011-2016 წლებში მიჯრით 6-ჯერ გახდა ჩემპიონი) და უმცროს ექვს ერში საკუთარი დომინაცია კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ალექსანდრე თოდუამ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მე-14-ედ მოიგო და საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა. თასი მე-12-ედ შემართა გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.

საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძემ. მან ლობუშს ორი ლელო გაუტანა და საკუთარი მონაგარი 37-მდე (40 თამაშში) გაზარდა!

4 ჯარიმითა და 2 გარდასახვით, გუნდს 16 ქულა შესძინა ლუკა მატკავამ, რითაც პირადი მონაგარი 114-მდე გაზარდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და პირველი ტიტული მოიპოვა. სასიხარულოა, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას, თამაშიდან თამაშამდე ხარისხი უმჯობესდებოდა და მიუხედავად შეცდომებისა, ბორჯღალოსნებმა ფინალი დამაჯერებლად მოიგეს.

სრული დომინაციით

თამაში თავიდანვე საქართველოს დომინაციით დაიწყო და სურათი მთელი 80 წუთის განმავლობაში არ შეცვლილა, თუმცა დაძაბულობის ფონზე ხშირი იყო შეცდომები და უპირატესობა ანგარიშში პირველ ტაიმში სათანადოდ არ აისახა. ბორჯღალოსნები მეტოქეს ჯაბნიდნენ რაქებში, კონტაქტის არეში, თითქმის ყველა ჯერზე ახერხებდნენ უპირატესობის ხაზის გადაკვეთას და შესვენებამდე რამდენიმე სალელოვე შანსი გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.

ანგარიში მე-9 წუთზე მატკავას ჯარიმით გაიხსნა. მალე მანვე ხაზი გაჭრა, კარგად ირბინა და შეტევა ვასილ ლობჟანიძეს გააგრძელებინა, რომელმაც 40 მეტრი დაფარა, აქედან 20 მეტოქის მცველებთან ჭიდილში და თანაგუნდელების დახმარებით ლელოშიც შევიდა, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა და ლელო გაგვიუქმა.

სამაგიეროდ ჯარიმებიდან მატკავა არ შეცდა, მე-14-ე, 29-ე და 34-ე წუთებზე ზუსტი დარტყმები შეასრულა და 12:0 დაგვაწინაურა, რაზეც პორტუგალიამ ზედ შესვენების წინ ერთი ჯარიმით გვიპასუხა.

შესვენებაზე კოკერილმა საჭირო მითითებები გააკეთა, ჩვენი თამაში დალაგდა და ერთი მეორეს მიყოლებით 4 ლელო გავიდა. პირველივე თანმიმდევრული შეტევის შემდეგ, მეტოქის 22-ში მატკავამ ცარიელ, მარჯვენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა ბურთი, სადაც მას ტაბუცაძე შეეგება და ფინალური შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა.

51-ე წუთზე საქართველომ 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი ააგორა და ის ვანო კარკაძის ლელოთი დასრულდა, მატკავამ კი გარდასახა. პორტუგალიამ პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ გაუვალ დაცვას წააწყდა და ჩხუბი აგვიტეხა, რასაც მეტოქესთან ერთად სინბინით მერაბ შარიქაძე შეეწირა. პასუხად 64-ე წუთზე შეცვლიდან შემოსულმა მიხეილ ალანიამ გაჭრა ხაზი, მას მარჯვენა ფრთაზე ტაბუცაძე მიყვა თავისი 37-ე ლელო გაიტანა.

70-ე წუთზე ხაზი თედო აბჟანდაძემ გაჭრა, მას შიდა მხარეს კარგად მიყვა ალანია და ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, მატკავამ კი გარდასახა. მალევე ლუკა ივანიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, რითაც ბოლო წუთზე პორტუგალიამ ისარგებლა, ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და საქართველომ ფინალში 36:10 გაიმარჯვა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი